კულუმბეგოვი – ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“

ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვმა იმატა.

„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და „ასტრაზენეკას“ მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ. ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია. ამასთან აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აიცრან.

„მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ გვეყოლება ვაქცინირებული რისკჯგუფები და ამის შანსი არსებობს, რადგან ვაქცინის დოზები ქვეყანაში არის, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ქვეყანაში იყოს მოცირკულირე ინფექცია, მაგრამ რისკჯგუფებს თუ არ დაემართება, ამას არ მოჰყვება კლინიკური სექტორის გადატვირთვა. თუ სახლში გამოჯანმრთელდებიან, მაშინ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ლოკდაუნი რა დროს გვჭირდება, როდესაც საავადმყოფოები იტვირთება. რეალურად, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნიდან ექვს-რვა კვირაში არის კორონავირუსის შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი, ეს არის აპრილის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აცრილი იყვნენ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 89 ათასი დოზა აპრილის ბოლოსკენ კიდევ შემოვა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, მესამე ტალღის ალბათობა ძალიან გაიზრდება, თუ მოსახლეობა არ აიცრება.

„ ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს უნდა ესმოდეს. ვაქცინების არ გამოყენების შემთხვევაში, მესამე ტალღის ალბათობა ძალიან იზრდება და მკვეთრადაც იზრდება. ვირუსის გავრცელებაზე მოქმედებს სულ რამოდენიმე ფაქტორი, ეს არის მობილობა, მექანიკურად შეზღუდო, ადამიანები სახლში დასვა, აიძულო მათ პირბადე, რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელების პოტენციალს და მესამე ეს არის ვაქცინაციის ფაქტორი. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რესურსი არ გაღრმავდეს, რაც პრობლემას შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს. ამიტომაც ვაქცინაცია და პირბადე დარჩა ის, რაც თავიდან აგვაცილებს ლოკდაუნს. რატომღაც, როცა მცირდება შემთხვევები, ყველას ჰგონია, ეს ასე გაგრძელდება. პირბადის ტარების 42 პროცენტიანი ნიშნული ზუსტად არის აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგი. ჩემთვის პირადად ვაქცინაციის საკითხი არის სრულიად ზესახელმწიფოებრივი, ჩემთვის მთავარია მიზნის მიღწევა. ნებისმიერი გზა, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდო ვაქცინების თაობაზე, მათთან ასოცირებულ თუნდაც გვერდით მოვლენებზე, სიკეთეზე, რაც მასთან არის დაკავშირებული, არ დამეზარება და წავალ ყველა რაიონსა და სოფელში“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
შემდეგი სტატიავაშაძე – დანიელსონს ჩემს გუნდთან ერთად დავახვედრებ მზაობას შეთანხმებისა და კომპრომისისთვის