კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის „ცოცხალი წიგნები-2022“ ფარგლებში, თუმანიშვილის თეატრში, დათო ევგენიძის საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „ცოცხალი წიგნები-2022“ ფარგლებში, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სივრცეში სხვადასხვა თაობისა
და მიმართულების ავტორების მონაწილეობით რვა წარმოდგენა გაიმართება. პროექტის ფარგლებში პირველი საღამო დათო ევგენიძემ ჩაატარა. პოეტმა და მუსიკოსმა სტუმრებისთვის საკუთარი ლექსები წაიკითხა და მუსიკალური ნომრები შეასრულა. საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური, მიხელ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი და სხვა სტუმრები
ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები-2022“ თავის საქმიანობას თუმანიშვილის თეატრს უკავშირებს და წინა წლებში პროექტის ფარგლებში არსებული
„მწერლის თეატრის“ ტრადიციის შესაბამისად, აგრძელებს სხვადასხვა მწერლის წარმოდგენებისა და პერფორმანსების გამართვას. ერთმანეთისგან განსხვავებული მხატვრული კონცეფციის წარმოდგენებში, მწერლებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში მონაწილეობას თეატრის მსახიობები მიიღებენ. მაისის
ბოლოდან ივნისის ბოლომდე, გაიმართება დავით ევგენიძის, ელა გოჩიაშვილის, ირაკლი სამსონაძისა და მანანა მენაბდის საღამოები. მომდევნო ოთხი წარმოდგენა კი ოქტომბერ-ნოემბერში, ახალი თეატრალური სეზონის გახსნისას გაიმართება და მასში მონაწილეობას 6 თანამედროვე ავტორი
მიიღებს. საღამოების რეჟისორულ გადაწყვეტაზე იმუშავებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლიდან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თანამედროვე მწერალთა, ლიტერატურის, წიგნების პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ქართულ ემიგრაციაში.
სხვადასხვა პერიოდში, მწერლების შეხვედრები იმართება საქართველოს ყველა კუთხეში, ასევე საჯარისო ნაწილებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, სკოლებში, საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებზე და ა. შ.

„ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში დაგეგმილ წარმოდგენებზე დასწრების მსურველებისვთის ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ისე ონლაინ, ვებ გვერდზე
https://biletebi.ge.

წინა სტატიაშიComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ WSIS-ის ფორუმზე ტელეკომუნიკაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაქეთევან დედოფლის გამზირზე მეორე ეტაპის სამუშაოების განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება