კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფა გაიხსნა და წიგნი-ალბომის – „ჭაბუა ამირეჯიბი – 100″ – პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, სახლზე, სადაც მწერალმა „დათა თუთაშხია“ შექმნა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

სამინისტროს ხელშეწყობით დამზადებული მემორიალური დაფა, ჭაბუა ამირეჯიბის პროფილის ბარელიეფითა და შესაბამისი ტექსტით გაწყობილი, ამიერიდან, ალ. ყაზბეგის 35-ბ-ში მდებარე შენობის ფასადს დაამშვენებს. სწორედ აქ ცხოვრობდა მაშინ, როცა „დათა თუთაშხიას“ წერდა.
მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე და ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

იუბილესთან დაკავშირებით, ასევე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მომზადდა და გამოიცა ორენოვანი წიგნი-ალბომი „ჭაბუა ამირეჯიბი – 100″. გამოცემის წარდგინება გაიმართა მწერალთა სახლში, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მინისტრმა სიტყვით მიმართა და მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წიგნ-ალბომში შესულია მწერლის საოჯახო არქივში დაცული მასალები, ფოტოსურათები, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული „დათა თუთაშხიას“ ამსახველი ფოტოები და განმარტებითი ტექსტები. ასევე, მწერლის ხელნაწერთა ფრაგმენტები, წერილები გადასახლებიდან და სხვადასხვა საილუსტრაციო მასალა.

ჭაბუა ამირეჯიბის ბიოგრაფია უნიკალური და მრავალფეროვანია. ის გახლდათ მწერალი, პარლამენტარი, რამდენიმე კინოორგანიზაციის, ასევე, ფონდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
მწერალი 2010 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა.

თუმცა, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება – ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია.

ჭაბუა ამირეჯიბს მიღებული ჰქონდა არაერთი ლიტერატურული პრემია, დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ ტანდემი, რუსთავში ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს – ლაცაბიძე
შემდეგი სტატიახელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ – პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას