კულტურის სამინისტრომ ბავშვებს შორის კვლევის ჩასატარებლად წიგნთან მათი დამოკიდებულებების გამოვლენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კვლევითი მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა თემაზე ,,კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით“.
სატენდერო თანხა შეადგენს 97 000 ლარს.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, წიგნი, როგორც შემეცნებისა და ადამიანის პიროვნების ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, აქტუალობას კარგავს ბავშვებსა და მოზარდ თაობაში. აღნიშნული პრობლემის
სრულფასოვნად გასააზრებლად, გამოცხადებული კვლევა მიზნად ისახავს ხუთიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში კვლევას შემდეგი მიმართულებით:

ა) კითხვისადმი ინტერესისა და წიგნთან დამოკიდებულების დადგენა;

ბ) იმ ფაქტორების/პრობლემების გამოკვეთა, რაც შესაძლოა აფერხებდეს სამიზნე ასაკობრივ კატეგორიაში წიგნთან პოზიტიურ დამოკიდებულებასა და კითხვისადმი ინტერესს.

კვლევის ამოცანებია წიგნის კითხვისადმი დამოკიდებულების შეფასება; წიგნის კითხვისადმი ინტერესის ნაკლებობის ან/და უარყოფითი დამოკიდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი მიზეზების კვლევა; კითხვისადმი დამოკიდებულებაზე
მოქმედი გარემო ფაქტორების შესწავლა, ანალიზი (საზოგადოებრივი კონტექსტი, სასკოლო გარემო, ოჯახი, კლასი, თანატოლები); ქალაქად და სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების წიგნებსა და ბიბლიოთეკაზე წვდომისა და კითხვისადმი დამოკიდებულების შეფასება; წიგნის კითხვის
მიმართ დამოკიდებულების ანალიზი დემოგრაფიულ ჭრილში (ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, სკოლის სტატუსი და სხვა); ციფრულ მოწყობილობებთან, გაჯეტებთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის ხარისხი და გავლენა კითხვისადმი დამოკიდებულებაზე.

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც კვლევის სფეროში დასაქმებული ჰყავს არანაკლებ 3 სპეციალისტისა. ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს მასშტაბური კვლევის ჩატარების გამოცდილება, რაც გულისხმობს ორივე
– თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევების მეთოდოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. მნიშვნელოვანია, რომ ტენდერში მონაწილეს ან/და კვლევაში მონაწილე სამუშაო ჯგუფის წევრებს (არანაკლებ 3 წევრს) უნდა ჰქონდეთ განათლების სფეროში, მათ შორის მოსწავლეთა წიგნიერებასთან დაკავშირებით,
კვლევების დაგეგმვის, ადმინისტრირების, ანგარიშის მომზადების გამოცდილება და ამ მიმართულებით ჩატარებული მინიმუმ ერთი კვლევა ბოლო სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ორგანიზაციის ან/და მკვლევართა დეტალური
CV, ჩატარებული კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი ან ცნობა ან ინტერნეტ წყარო ან კვლევის ანგარიში.

ტენდერში წარმოდგენილი კვლევის დაწყების თარიღად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო კვლევის დასრულების – არაუგვიანეს 2022 წლის 1 დეკემბერი.

სატენდერო განცხადების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე
https://tenders.procurement.gov.ge

banner
წინა სტატიაშითიბისი ლიზინგი უკრაინისთვის
შემდეგი სტატიასაბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა