კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გივი ბერიკაშვილი კლინიკა “მედი ქლაბში” ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მსახიობს 15 მაისს 84 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაში26-29 მაისს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო