კულტურის და ცივილიზაციის მიღმა – რამდენიმე დეტალი საკრებულოს სკანდალური სხდომიდან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2020 18:33

კულტურის და ცივილიზაციის მიღმა – რამდენიმე დეტალი საკრებულოს სკანდალური სხდომიდან

დღეს საკრებულოში დეპუტატებმა იჩხუბეს. „ნაციონალების“ ფრაქციის წევრმა საკრებულოს დამლაგებლებისთვის ორას ლარიანი ხელფასის დამატება მოითხოვა. სანაცვლოდ მას სცემეს და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ძაღლი უწოდა, რისთვისაც მოგვიანებით საკუთარ ძაღლს, რომელიც ძალიან ყვარებია, ბოდიში მოუხადა. ყოფილმა მერმა უგულავამ საკრებულოს უმრავლესობას ნაგავი უწოდა. ეს ლექსიკა და მოქცევა საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს არ შეეფერება, ეს კი უნდა იცოდნენ საკრებულოს წევრებმა, მაგრამ სხვა რა იციან, რომ ეს იცოდნენ?
ეთიკური და კულტურული საკითხი გვერდზე გადავდოთ და საკრებულოში ჩხუბის მიზეზს მივუბრუნდეთ. საკრებულოს დამლაგებლებს ხელფასი ორასი ლარი ჰქონიათ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს: 1. საკრებულოს წევრებს, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მათ ოთახებს ალაგებენ, ასეთ სამარცხვინო ხელფასზე მუშაობა არ მოუწევდათ. ეს ხომ პენსიის ოდენობაც არ არის. საკრებულოს წევრი, რომელიც თვეში ოარას ლარად ასუფთავებინებს ადამიანს ოთახს და მთელ შენობას, და შემდეგ ტელევიზიით მოსახლეობას კეთილდღეობას ჰპირდება, უბრალოდ თაღლითია, ჰგავს იმ ადამიანს, მსოფლიოს გადარჩენაზე რომ აქვს პრეტენზია და დილით საკუთარ საწოლს არ ალაგებს.

2. ხელფასების მომატება ხელისუფლების პრეროგატივაა, დამლაგებლებმა კი თხოვნის გახმოვანება, ოპოზიციონერ დეპუტატს მიანდეს. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობაში ვერ იპოვეს ადამიანი რომელიც მათ მოუსმენდა და არგუმენტირებულ პასუხს მაინც გასცემდა. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალიან დაშორებულა ხალხს, რაც ბუმერანგივით ავად მოუბრუნდება.

3. საკრებულოს დეპუტატის ცემა მისაღებია „ოცნების“ ლიდერებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიმე მათგანი შეაფასებდა პარტიული „ამხანაგების“ საქციელს. მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, თქვეს, რომ დეპუტატი შარს ეძებდა და მას ამიტომ მოხვდა. ამას აკეთებს, ის პარტია, რომლის წევრებმა 2012 წლის არჩევნების წინ საკუთარ ტყავზე იწვნიეს ხელისუფლების წევრების მხრიდან ცემა. შეიცვალა დაზარალებული, სხვა მხრივ ქართული პოლიტიკური კულტურა სამარცხვინო ნიშნულზეა, ასე ცივილიზებული ადამიანები არ იქცევიან. ეს რევანში, „დათა თუთაშხიას“ ერთ ეპიზოდს ჰგავს, ციხის უფროსი კოცი პატიმრებს, რომ აუპატიურებინებდა და აჯანყებულმა პატიმრებმა სამაგიეროდ თავად ციხის უფროსი, რომ მამათმავლების კამერაში შეაგდეს, სეირის საჩვენებლად.

4. ოპოზიციონერი დეპუტატის ძაღლზე შედარებაზე, არაფერი ვთქვათ, ეს უბრალოდ კულტურის და ცივილიზაციის მიღმაა

5. მას-მედიამ გააშუქა სეირი, იმან დაარტყა და მერე იმან იმას შეაგინა. არც ერთი შეკითხვა არც საკრებულოს და არც მერიას, რამდენად სამართლიანია საკრებულოს დამლაგებლებისთვის ორას ლარიანი ხელფასი? რამდენი აქვთ ხელფასი დამლაგებლებს მერიაში? რამდენჯერ აღემატება ეს ხელფასი თავად დეპუტატების და მერიის მაღალჩინოსნების ხელფასებს?

6. ამ ამბიდან ნათლად ჩანს, რომ აბსოლუტურად მართალია „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა თუ საკუტარი თავის შველა უნდათ სამუშაოდ საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ, იქ სადაც მეტი კულტურა, ჭკუა, საქმე და ხელფასია.8.ნამდვილად “შეუძლებელია სახელმწიფო მის მმართველზე უკეთესი იყოს.”

ავტორი: ნატო ვაჩნაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 24, 2020 18:33