კულება – ევროპას უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს, ეს ყველასთვის მომგებიანია, ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია.

კულებას თქმით, ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებდნენ უკრაინისთვის ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებას.

„მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს. მოგვცეს, არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, არ გამოვიდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„სულ ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ამ დისკუსიის წერტილს მივაღწევდით. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ აღნიშნა, რომ ახლა ახალი რეალობაა შექმნილი და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველასთვის მომგებიანი იქნება.

„ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ მივიწევთ ზევით ციცაბო კედელზე. ახლა არც ერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა იყურება მაღლა. უმრავლესობას ევროკავშირში ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს მთელს ევროპას. ეს არის მომგებიანი ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშებს“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: ევროპაში ამბობენ, საკმარისი სისხლის არდაღვრის გამო განაცხადის უფლება არ გვქონდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ სოფელ აკურაში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავა