რუს აქტივისტს, დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, მას ქვეყნის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7-დღიანი ვადა განესაზღვრა.
კულანინის მიერ გავრცელებულ წერილში იგი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ბრძოლას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად გააგრძელებს.
„უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ყველამ მხარი დამიჭირეთ. არ ვიცი, საბოლოოდ როგორ განვითარდება ყველაფერი ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი — მთელი გულით გამიხარდებოდა თქვენთან, საქართველოში დარჩენა. არ ვიცი, გამიმართლებს თუ არა და შევძლებ აქ დარჩენას, ან თუნდაც სომხეთში წასვლა მომიწიოს, მინდა, რომ ჩემ გამო გაიხაროთ — იმის გამო, რომ თქვენს რიგებში თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა“, — წერს კულანინი.
შეწყალებული აქტივისტი ყურადღებას ამახვილებს საპატიმროებში დარჩენილ პირებზე და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
„ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემგან იქნება საჭირო, რათა დავეხმარო ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ციხეებში არიან, და მით უმეტეს იმისთვის, რომ ისინიც რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ. მადლობა თქვენ, ძვირფასებო! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“, — აღნიშნულია დენის კულანინის წერილში.








