კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ, სასამართლოზე ჩვენება შეცვალა

levan-qardava2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრების უკანონო მოსმენასა და ფარულ ჩანაწერებზე ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა უფროსმა, ლევან ქარდავამ, ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალს აღარ აღიარებს.

როგორც დღეს სასამართლო პროცესზე ლევან ქარდავამ განაცხადა, მისგან ბრალის აღიარება სამართალდამცავებმა ზეწოლის შედეგად მიიღეს.

როგორც ლევან ქარდავა ამბობს, 2012 წელს მათ ჰქონდათ ინფორმაცია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის პირადი დაცვის წვერების მოსმენა კანონიერი ბრძანების მიღების შემდეგ განხორციელდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრს, ბესიკ სურმავას, როგორც ლევან ქარდავა ირწმუნება, ის მუდმივად თანამშრომლობდა და ის იყო ძალოვანი უწყების სპეციალური აგენტი, რომელიც ამ საქმიანობაში პერიოდულად გასამრჯელოსაც იღებდა.

ბესიკ სურმავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაში ნათქვამ ფარულ ჩანაწერებსა და ამ ხერხით მის დაშანტაჟებას კი ლევან ქარდავა აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები რეალურად არ არსებობს.

„2012 წლის 14 ნოემბერს დამიკავშირდა გელა ხვედელიძე, რომელსაც მე ჩემი უწყების საქმეები გადავაბარე და დამიბარა შს სამინისტროში, მითხრა, რომ რაღაცები იყო გასარკვევი. როდესაც შსს-ში მივედი, შემიყვანა კაბინეტში, სადაც დამხვდა 40 კაცი, ასევე იქ იმყოფდებოდა შს მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ალეკო ტაბატაძე. მე ვკითხე თუ რაში იყო საქმე და დაკავებული ვიყავი თუ არა. მითხრეს, რომ გენერალურ ინსპექციაში უნდა წავსულიყავით, რადგან იქ იყო გასარკვევი რაღაცები. როდესაც გენერალურ ინსპექციაში მივედით, რამდენიმე საათი მალოდინეს, არ მეუბნებოდნენ რაში იყო საქმე, ბოლოს კი ერთ-ერთ კაბინეტში შემოვიდა გელა ხვდელიძე, მითხრა, რომ დაკავებული ვარ და თქვა: „ხომ იცი ვინც გვჭირდება და მოგვეცი მათზე ჩვენებები“. ამის შემდეგ მე ვუთხარი, რომ თუ რამე კონკრეტული საქმე ჰქონდათ აღძრული, დავეკითხე. საღამო ხანს უკვე გადამიყვანეს მთავარ პროკურატურაში, სადაც რამდენიმე გამომძიებელმა დამკითხა და მივეცი იდენტური ჩვენებები. ბოლოს დაკითხვის ოთახში შემოვიდნენ მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით მჭედლიშვილი და საგამოძიებო ნაწილის უფროსი მიქაბერიძე. შემოიტანეს თაბახზე ჩამოწერილი სია და მჭედლიშვილმა მითხრა მიმეცა მათ წინააღმდეგ ჩვენებები. ჩემზე ხორცილედებოდა ზეწოლა, რათა მიეღოთ ჩვენებები, ბოლოს ვერ გავუძელი. ვუთხარი, რომ შეედგინათ მათთვის სასურველი ჩვენება და ხელს მოვუწერდი. საბოლოოდ ეს ასეც მოხდა“, – განაცხადა ლევან ქარდავამ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – თუ ვინმე გასარიცხია, ამას პარტია გარედან კარნახის გარეშე გადაწყვეტს
შემდეგი სტატია“რუსეთთან ომი დღეს არავის უნდა, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, არამგონია, ვინმემ უკან დაიხიოს”