კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი მომავალ კვირაში გამოცხადდება

კომპიუტერული ვირუსების უკანონოდ შექმნაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და შანტაჟში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი მომავალ კვირაში გამოცხადდება.

როგორც ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა, განაჩენს დღესვე ვერ გამოაცხადებს და ამისთვის 4 -5 დღე სჭირდება.

მანამდე საბოლოო სიტყვა განსასჯელებმა თქვეს. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ვაჟა ლელუაშვილის განცხადებით, კომპიუტერული ვირუსის შექმნის დავალება დათა ახალაიამ მისცა. თუმცა, მისი განმარტებით, ეს დავალება 2009 წელს გაიცა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების მოსმენის მიზანი არ ჰქონია, ვინაიდან მაშინ კოალიცია არ არსებობდა.

მანვე განმარტა, რომ ამავე ვირუსებით ოპოზიციის უკანონოდ მოსმენის ბრალდება აღიარა, თუმცა მუხლი ამნისტირებულია და . ამდენად, ამ ნაწილში მისი მსჯავრდება ვერ მოხდება.

„პროგრამას ოპერატიული საქმიანობისთვის გამოვიყენებდით, როდესაც შეიქმნა .უფრო სწორად ბავშვები მეუბნებოდნენ, რომ შექმნეს, მაგრამ ინტრნეტში უკვე შექმნილი ვირუსები მოუძიებიათ და გადმოუწერიათ. ვირუსებს ოპერატიული საქმიანობისთვის ვიყენებდით და ახალაიას დავალება სახელმწიფოებრივი იყო, კანონი არ დარღვეულა”,–განაცხადა ლელუაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ „მეცხრე არხის“ ტექნიკის დაზიანებასთან კავშირი არ აქვს. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი მის დავალებებს არ შეასრლებდა, ვინაიდან სამსახურებრივად არ ექვემდებარებოდა.

ბრალდებულმა, ლევან ქარდავამ განმარტება ბესარიონ სურმავას ეპიზოდზე გააკეთა. მან განაცხადა, რომ სურმავაზე არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არ ყოფილა.

წარდგენილ ბრალდებას უსაფუხვლო უწოდა შოთა ხიზანიშვილმაც და განაცხადა, რომ სურმავა კამერით იძულებით არ ჩაუწერიათ. თანხის 150 000-ის აღებაც ბესარიონ სურმავას სურვილი იყო, ვირუსის გზით მოპოვებული მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების ჩანაწერების წარმომავლობაზე კი არაფერი იცოდა.

ბრალდების მხარემ განსასჯელების საბოლოო სიტყვას უსაფუძვლო უწოდა. პროკურორ ლევან ადეიშვილის განცხადებით, კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ კომპიუტერული ვირუსების უკანონოდ შექმნის, ამ საშუალებით ოოზიციონერების კომპიუტერებში შეღწევის და საუბრების უკანონოდ მოსმენის ფაქტი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.

პროკურორის განმარტებით, კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, მათ შორის ვასილ ჯამალაშვილმა 2011 წელს შექმნეს ისეთი ვირუსი, რომლის კომპიუტერში გახსნის შემდეგაც ოთახში არსებულ სიტუაციას ვიდეოთი იწერდნენ და ხმასაც ისმენდნენ, მართავდნენ კლავიატურას და კომპიუტერში დაცული საინტერესო მასალები მიჰქონდათ.

პროკურორის თქმით, სწორედ ამ უკანონო გზებით მოპოვებული ფარული ჩანაწერების წარმომავლობისთვის სჭირდებოდათ ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი ბესარიონ სურმავა, რომელიც, ლევან ქარდავას დავალებით, პირადი ცხოვრების ვიდეოთი დააშანტაჟეს და აიძულეს, მათთან ეთანამშრომლა, კუდ-ის ვირუსების საშუალებით უკანონო ჩანაწერებზე კი ათქმევინეს, თითქოს მოსმენა ივანიშვილის დავალებით ხდებოდა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: 2015 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევამ მასშტაბური სახე მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ზაფხულში რიგგარეშე სხდომები გამართოს