კუჭავა პაატა მანჯგალაძეს მიმართავს – ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ სააკაშვილთან და ვის – არა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, თუ რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად მის ადვოკატებს, ალტერნატიული კონსილიუმის ჯგუფის ექიმებს.

პაატა მანჯგალაძის კითხვის ნაწილი იყო ასევე, რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში სამკურნალოდ.

„პარლამენტის თავმჯდომარე ლაპარაკობდა არჩევნების თემატიკაზე. მესმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერასდროს შევთანხმდებით არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დისკუსიის გახსნას არ ვაპირებ, რადგან არ მინდა, ჩაიკარგოს საკითხი, რომელიც სცდება პარტიული კუთვნილების საკითხს. ახლა ვესაუბრე სააკაშვილის ადვოკატს, არ ეძლეოდა შესვლის შესაძლებლობა. ასევე ვერ შედიან ალტერნატიული კონსილიუმის ჯგუფის ექიმები, მასთან შესვლის შესაძლებლობა არ აქვს ოჯახის ჰოლანდიელ ექიმსაც და არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. პარტიული კუთვნილების გარეშე ვკითხულობ და იცით, რომ ხვალაც რომ შეიცვალოს ვითარება და გამოვიდეს სააკაშვილი, შეიძლება ოპონენტი ვიყო, მაგრამ ხომ ცდება ეს საკითხები ყველანაირ პარტიულ კუთვნილებას. პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ, რა პრობლემაა ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენი ვალდებულებაა, რაიმე სახის რეაგირება მოვახდინოთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძეს უპასუხა კახა კუჭავამ და აღნიშნა, რომ მისი კითხვების სწორი ადრესატია იუსტიციის სამინისტრო. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან და ვის-არა.

„ამ კითხვის სწორი ადრესატი იქნებოდა იუსტიციის სამინისტრო. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვის უშვებენ, ვის – არა. მე ვიცი, რომ მათ აქვთ კომუნიკაცია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავამ მანჯგალაძის კითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ გაერკვევიან, შესაძლებელია თუ არა საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართონ. „რა თქმა უნდა, გავერკვევით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა, ის თავს მხნედ გრძნობს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი- პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება