კუჭავა ოპოზიციას – გიკვირთ, რატომ არ მოდიან პარლამენტში მოსმენებზე, როცა უზრდელობის მეტს არაფერს არ ავლენთ

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მომავალი კვირის პლენარულ სესიაზე ე.წ. ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელის მისვლა მოითხოვა.

„ოპოზიცია პარლამენტში სათამაშოდ არ შესულა და პარლამენტმა საკუთარი ფუნქცია უნდა შეასრულოს. გაოცებული ვარ, გაოგნებული ვარ თქვენი პასუხით. ეს არის საკუთარი თავის მიმართ უპატივცემულობა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, გამაოგნებელი თავადაა, რადგანაც დადასტურებული არაფერია და დეპუტატი მტკიცებითი ფორმით საუბრობს.

„გამაოგნებელი იცით რა არის, ქალბატონო სალომე? მტკიცებულებითი ფორმით ამბობთ იმას, რაც ჯერ დადასტურებულიც არ არის. კრებსები გამოვიდა, დადგენილიც არ არის წყარო, საიდან. რისთვისაც ტარდება საგამოძიებო ქმედებები, თქვენ თუ უკვე მტკიცებით ფორმაში საუბრობთ საკითხებზე. აი, ეს არის გამაოგნებელი“, – აღნიშნა კუჭავამ.

დღესვე სალომე სამადაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე ჯანდაცვის, საგარეო და ეკონომიკის მინისტრების დაბარება მოითხოვა.

„ოპოზიციის უფლებების იგნორირება ხდება მუდმივად. მაგალითად, ჩვენს ფრაქციას ოთხი სხვადასხვა მინისტრი ყავს დაბარებული საკომიტეტო მოსმენებზე. დღეს რომ ოთხ ათასზე ავიდა ისევ ინფიცირების მაჩვენებელი და 40 ადამიანი დაიღუპა, თქვენ არ თვლით, რომ ჯანდაცვის მინისტრი უნდა მოვიდეს კომიტეტის სხდომაზე? ან საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს გვესაუბრება რაღაც გაურკვეველ ფორმატებზე მიერთებაზე, რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვაზე, არ უნდა მოვიდეს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე? ან ეკონომიკის მინისტრი არ უნდა მოვიდეს შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე, როდესაც უპრეცენდენტო რამ ხდება და მშიერი დარჩნენ ჩვენი თანამოქალაქეები, რადგან ასეთი ზრდა პროდუქციაზე არ ყოფილა ამ ქვეყანაში გასული 15 წლის მანძილზე“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კახა კუჭავას თქმით კი, მინისტრები პარლამენტში საჭირო დროს მივლენ და ოპოზიციამ მოსმენისას კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.

„გიკვირთ, რატომ არ მოდის ვინმე, როცა უზრდელობის მეტს არაფერს არ ავლენთ. ფაქტი ერთია, კითხვები როდესაც არის, ამიტომ არის პარლამენტი, კომიტეტზე მოვა მინისტრიც და ნებისმიერი, ვისაც დავიბარებთ, ისევე, როგორც პლენარულ სხდომაზე. ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს და ნუ გეშინიათ, თქვენც გექნებათ ამის შესაძლებლობა, რომ დაუსვათ კითხვები. იმედია, ეს იქნება კონსტრუქციული ფორმატი და არა ის, რაც იყო წინაზე, როდესაც მოიწვიეთ მინისტრი და მიზანმიმართულად ჩაშალეთ სხდომა. თქვენზე პირადად არ ვამბობ, ოპოზიციას ვგულისხმობ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრე-მაშველებმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – სააკაშვილი არის რეციდივისტი