კუჭავა – ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის მე- 13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

კახა კუჭავას განცხადებით, რუსეთის აგრესია, საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო ებრძვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდება და მომავალი თაობები გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ.

„ძალიან მძიმე დღეებია მთელი საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. 13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც მოვდივართ აქ, სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს. რა თქმა უნდა, რთულია, გაიზიარო ისე, როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში და ამით ნამდვილად უნდა იამაყოს თითოეულმა ქართველმა და მათმა ოჯახებმა. ოკუპაცია არის დროებითი და ჩვენ მას ძალიან მალე დავასრულებთ. რუსეთი არის აგრესორი, რუსეთის აგრესია აუცილებლად დამთავრდება მალე. ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს ის რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობები გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: დამერწმუნეთ, ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას, თუ შევძლებთ დღეში 25 ათასი აცრის გაკეთებას
შემდეგი სტატია“ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი”- გორში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს