კუჭავა ელჩებს: პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წელს კანონის ცვლილებებს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანისა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, ნატალია ვუტოვას წერილს პასუხობს. კუჭავას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.

“ძვირფასო ელჩებო, ქალბატონო ვუტოვა, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის. 19 აპრილს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც, გარდა სხვა საკითხებისა, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პუნქტებსაც შეიცავს. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შესწავლილ უნდა იქნეს სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების განხორციელების პრაქტიკა და მიგნებების საფუძველზე, სასამართლო რეფორმის ახალი პაკეტი უნდა შემუშავდეს. აღნიშნული პაკეტი უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც. საქართველოს პარლამენტმა პირნათლად უნდა შეასრულოს პოლიტიკური შეთანხმების აღნიშნული პირობა და დოკუმენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღოს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილებები კანონში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას ეხება. კერძოდ, პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც სრულად აისახა ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით: ა) შემოღებულ იქნა ღია კენჭისყრის წესი; ბ) იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა ვალდებულება, გადაწყვეტილება კანდიდატების წარდგენის შესახებ მიიღოს კანდიდატებისთვის მიკუთვნებული ქულების შესაბამისად; გ) დაწესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ორმაგი გასაჩივრების წესი. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ხელახლა გამოცხადდა ვაკანსიებზე განაცხადების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. სწორედ აღნიშნული პირობა იყო ასახული პოლიტიკურ შეთანხმებაში. გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შესახებ სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებთან, რაც წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილს, საბჭოს მიერ კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიწყოს კანდიდატების დამტკიცების პროცედურა.

მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა. საქართველოს კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დამტკიცება მიმდინარე წლის ივნისში ევალება.

შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. ამასთან, საქართველოს პარლამენტი აცნობიერებს ვალდებულებას, საბჭოს წევრები პოლიტიკური პარტიების სათანადო ჩართულობით აირჩიოს. მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელი ვარ უზრუნველვყო ეს პროცესი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის უპირველესი ვალია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, აგრეთვე იმოქმედოს პოლიტიკური შეთანხმების პირობების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე იმოქმედებს”, – აღნიშნავს კუჭავა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბუღაძე ნამახვანზე: კრემლის აგენტურისგან კულტურული განცხადებით გამიჯვნა საკმარისი არ არის
შემდეგი სტატიამინდიაშვილი: რაც ახლა ვარდების მოედანზე ხდება, ამ ორივე შესაძლებლობას ეწინააღმდეგება