კუჭავა – აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხერხდეს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება და აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ ჯგუფს არ აქვს თავიანთი მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ხოლო ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი აქცია იქნება, თუ ნებისმიერი კონტრაქცია, ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა უზრუნველყონ პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა. არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაიზარდოს ძალადობაში. ამის მომხრე, დარწმუნებული ვარ, შინაგანად არ არის არც ერთი მხარე. აუცილებელია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებენ, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არც ერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები. თუ რამე ადრე მომხდარა, ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება, ვინმე მომხრე იყოს ძალადობის. აუცილებელია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის, თუ ამ კვირეულის ჩატარება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილის და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის