კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზი მასობრივად კვდება

კრწანისის ტყეპარკის ტბის დაბინძურების შესახებ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალის საფუძველზე, რომელიც კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზის მასიურ კვდომას ეხებოდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

ტერიტორიის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტყე-პარკში სადაც 3 ტბაა (მრავალი მცირე ტბა) განთავსებულია საკანალიზაციო ჭები. კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს, გარდა ტყე-პარკში გამავალი ერთი საკანალიზაციო მილისა, რომელიც არის ამოტეხილი. დაზიანებული მილიდან გადმოედინება წყლის ნაწილი და ხელოვნურად გაჭრილ დაახლოებით 20 მ სიგრძის არხით ჩაედინება ტბაში.

ტყე-პარკში არსებული მილის ამოტეხვის ადგილიდან და შუა ტბის ნაპირიდან აღებული იქნა საანალიზო წყლის ნიმუშები.

პირველადი მონაცემებით ტბაში ჟანგბადის დონის დაბალი პროცენტული მაჩვენებელია.

ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.

ამასთან, დათვალიერებული იქნა ყველა ტბის სანაპირო ზოლი. ვიზუალური დათვალიერებით არც ერთი ტბის ნაპირზე არ შეინიშნებოდა დახოცილი თევზები, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას არ დაფიქსირდა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების დაყრის კვალი, თუ არ ჩაითვლება რამდენიმე პოლიეთილენის პარკი და ბოთლი.

საგულისხმოა, რომ ეს ტბები არ ივსება მტკვრის წყლით და ასევე, არ ხდება მდინარე მტკვარში ტბის წყლის ჩადინება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დაზიანებული მილის რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში 500 ცალი პლასტმასის ცეცხლგამძლე ნაგავშემკრები კონტეინერი გადანაწილდება
შემდეგი სტატიაკობახიძე ოქრუაშვილზე: ეს პიროვნება თავისი წარსულით ნაკლებად საიმედოა