კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება და 400 ათასით არ იგება არჩევნები – კობა ნარჩემაშვილი ოპოზიციის ულტიმატუმზე

მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციას – “ქართული ოცნება” შეთავაზებულ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. საქმე ეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების დაწყებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის კობა ნარჩემაშვილის თქმით, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციას კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

„არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ადგილი არა აქვს. კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება და 400 ათასით არ იგება არჩევნები. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე უბრალოდ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მთავარ დოკუმენტს – კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორი წესით უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები,“ – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია ამ მიზნების მისაღწევად ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს და მმართველ გუნდს დროს 16 დეკემბრამდე აძლევს.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში…ნუ გაიქაჩებიან” – პასუხი ოპოზიციას
შემდეგი სტატიაპარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 251 მისამართზე განხორციელდა