კრისტოფ ჰეუსგენი: პუტინს სურს რუსეთის ფედერაციის აღდგენა ყოფილი სსრკ-ს საზღვრებში

“პუტინს სურს რუსეთის ფედერაციის აღდგენა ყოფილი სსრკ-ს საზღვრებში”, -განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში. მისი აზრით, რუსეთს შეუძლია ნატოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღოს, თუ უკრაინაში არ წააგებს

„პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რადგან მან ბევრი რუსი დატოვა რუსეთის ფარგლებს გარეთ“, – თქვა ჰეუსგენმა. მისი აზრით, პუტინს სურს რუსეთის აღდგენა ყოფილი სსრკ-ის საზღვრებში. „თუ პუტინი არ წააგებს ომს უკრაინაში, უნდა ველოდოთ, რომ ის მოლდოვას ან ბალტიისპირეთის ქვეყნებს მიაღწევს“.

მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა „ყველაფერი გავაკეთოთ“, რათა უკრაინამ მიიღოს იარაღი და სამხედრო დახმარება, რომელიც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და საკუთარი ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

მანამდე ჰეუსგენმა მოუწოდა გერმანიასა და ევროპის ქვეყნებს, მეტი იფიქრონ უსაფრთხოებაზე.

16-დან 18 თებერვლამდე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ათობით ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბებიან. მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს. გარდა ამისა, ჰეუსგენის თქმით, ფორუმზე ასევე განიხილება დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

კონფერენციაზე არ არიან მიწვეულები რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები. სამაგიეროდ, მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ქვეყნებიდან.

banner
წინა სტატიაშიCNN: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ათასამდე ნეპალის მოქალაქე დაიქირავა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად
შემდეგი სტატიაალექს სტუბი ფინეთის პრეზიდენტი გახდა