კრემლი ავსტრიის სკანდალთან რაიმე სახის შეხებას უარყოფს

რუსეთს არანაირი შეხება არა აქვს ავსტრიაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალთან, რომლის გამოც ქვეყნის ვიცე-კანცლერმა მემარჯვენე პოპულისტური თავისუფლების პარტიის ხელმძღვანელმა ჰაინც-კრისტან შტრახემ თანამდებობა დატოვა. ამ ინციდენტს კავშირი არა აქვს “არც რუსეთის ფედერაციასთან, არც პრეზიდენტთან, არც მთავრობასთან” – ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 20 მაისს განაცხადა. საქმის ფიგურანტ რუს ქალზე საუბრისას, პესკოვმა აღნიშნა, რომ მათ არ იციან ვინ არის ეს ქალი და არის თუ არა ის რუსი.

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა. დღეს, საღამოს, ვენაში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ შს მინისტრის დათხოვნას აპირებს, რომელიც ვიცე-კანცლერის პარტიაში გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს და რომელიც ვიდეოს გადაღების მომენტშიც, 2017 წლის ივლისში, მინისტრი იყო.

შაბათს, 18 მაისს ავსტრიის ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახი თანამდებობიდან გადადგა. მისი ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა 17 მაისს გავრცელებულ სკანდალს, რომელმაც მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. მასალები Süddeutsche Zeitung-მა და Spiegel-მა გამოაქვეყნეს.. გავრცელებულ ვიდეოფირზე გადაღებულია შტრახესა და “მდიდარი რუსის” შეხვედრა იბიცაზე. შეხვედრას ვიცე-კანცლერის გარდა ესწრებიან მისი თანამებრძოლი და პარლამენტში პარტია FPÖ-ს ხელმძღვანელი იოჰან გუდენუსი და მისი მეუღლე, უცნობი მამაკაცი და ქალი, რომელიც ძირითადად, რუსულად და ინგლისურად საუბრობს.

ავსტრიელებს რუს ქალს აცნობენ, როგორც ალიონა მაკაროვას, რომელიც პუტინის წრიდან ერთ-ერთი ოლიგარქის ძმისშვილია და რომელსაც, თითქოს სურვილი აქვს მილიონობით ევრო ჩადოს ავსტრიაში. შეხვედრის ადგილას, როგორც გაირკვა, ძალიან ბევრი ფარული კამერა იყო დამონტაჟებული, თვითონ რუსი კი “სატყუარა” იყო.
რუსი ქალი ავსტრელ პოლიტიკოსს და მის კომპანიონს პირობას აძლევს, რომ ვენის გაზეთ Kronen-Zeitung-ის 50%-ს იყიდის, რომ გაზეთიდან ვიცე-კანცლერის პარტიის ხაზის გატარება მოხდეს. საპასუხოდ კი, ქალი “ურთიერთგაგებას” ითხოვს.

შეხვედრა 7 საათი გრძელდებოდა. შტრახი, რუსული მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქალს საეჭვო წინადადებას სთავაზობს. სხვა მრავალთა შორის, ის ამბობს, რომ FPÖ-ს მთავრობაში მონაწილეობის შემთხვევაში, ავსტრიული სამშენებლო კომპანია Strabag ვეღარ მიიღებს სახელმწიფო შეკვეთებს და ყველა შეკვეთა რუსებთან გადავა. გარდა ამისა, ვიცე-კანცლერი რუს ქალს ასწავლის თუ როგორ უნდა აუაროს გვერდი ავსტრიულ კანონებს.

შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები არ მიუღიათ. თუმცა, მხარეებმა კონტაქტის გაგრძელება დათქვეს.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია:1988 წელს, როდესაც მერაბ კოსტავა ზუგდიდში ჩავიდა, მან ასეთი სადღეგრძელო მიუძღვნა ქალაქს