კრაბ კოფის მეპატრონეებზე თავდამსხმელი 1 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს.
თავდამსმელი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.გუშინ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ კრაბ კოფის დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ.ინფორმაცია კრაბ კოფის ერთ-ერთმა მეპატრონემ, ქრისტი პირველმა გუშინ სოციალურ ქსელში გააავრცელა.
„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ მასსა და მაღაზიის მეორე დამფუძნებელზე თავდასხმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.

ამასთან, როგორც „კრაბ კოფის“ მეორე მეპატრონე აცხადებს, მას ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია ესაჭიროება.
„ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი, თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან, ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს. ერთი ადამიანი იყო, ჩვენ მიმართ დაიწყო გინება. ვიდექით 10 მეტრში, შორიდან დაიწყო ამ ყველაფრის ყვირილი. ჯერ ქრისტი მივიდა პირველი. ის ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე რომ დავინახე, მივედი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით ცხვირში ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი. ოპერაცია დღესაა“, – აცხადებს „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე.
















