კოჟორიძე: შსს-მ კანონი დაარღვია, როცა განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ნასამართლეობის სხდომას დაჩქარებული წესით ითხოვს.

კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.

„იყო პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი, ეს ერთი კანონდარღვევა, მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება.

მინდიამ მესამე დღეა, შსს-ს მიმართა – ითხოვს ნასამართლეობის ცნობას, მან საფასური გადაიხადა იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მიეღო ცნობა, ერთ საათში უნდა მიეღო, მას დღემდე ეს ცნობა არ მიუღია“, – განაცხადა კოჟორიძემ.

„შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი: ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ბატონ ირაკლი შოთაძესთან