კოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი

„საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი ბერკეტი გახლავთ სახელმწიფო აუდიტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ ფინანსების ხარჯვას მთავრობის მიერ, თუ როგორ ხდება საჯარო ფინანსების ხარჯვა და სახელმწიფო აქტივებზე კონტროლი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი. ჩვენ მის თითოეულ ანგარიშს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. თითოეული ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მიერ არის წარმოდგენილი სკურპულოზულად იხილება ჩვენს კომიტეტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფში და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოდის კომიტეტის სხდომაზე“, ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

130 გვერდიანი ანგარიში, რომელიც პარლამენტს გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა წარუდგინა მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რაზეც აუდიტის სამსახურმა 2020 წლის განმავლობაში იმუშავა.

ერეკლე მექვაბიშვილმა დეპუტატებს აუდიტორული საქმიანობის შედეგების, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის, გამჭვირვალეობის საკითხებთან დაკავშირებული მანდატების, არჩევნების დაფინანსების, პოლიტიკური პარტიების ფინანსირების და სხვა მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო, აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და სამსახურის 5 წლიანი განვითარების განახლებული სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც მესამე წლის შედეგებს მოიცავს.

„გასული წელი მრავალი გამოწვევებით იყო აღსავსე, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აუდიტის საქმიანობაზე, თუმცა, მიუხედავად გამოწვევებისა, სამსახურმა შეძლო სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება და გასულ წელს ჩვენ შევძელით 60 აუდიტის დასრულება, გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის დაფარვა და შეუფერხებლად განხორციელდა ჩვენი მანდატის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების ფინანასური მონიტორინგი“,-განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

გენერალურმა აუდიტორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე თქმით, სამსახურის მიერ გაცემული დასკვნები, მიგნებები და რეკომენდაციები საპარლამენტო კომიტეტებს აძლევს უწყებებთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ანგარიშთან დაკავშირებული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დიდი ოთხეულის კომპანიისა და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნებიც წარედგინა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთში მსურველების არ არსებობის გამო ვაქცინაციის ცენტრებს ხურავენ
შემდეგი სტატიაამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო: მეუფე იაკობი პანსიონზე