გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ევროკავშირი დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს:
„მედიის თავისუფლებასთან, LGBTQI+ ადამიანების უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო აშორებს“, — განაცხადა მარტა კოსმა.
თურქეთის ხელისუფლებას ევროკომისრის განცხადებებზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, T24-ის სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, გამოცემამ გასული წლის განმავლობაში 118 ისეთი მასალა გამოაქვეყნა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეიცავდა. ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანი ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

















