14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში უკრაინისადმი ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

კოშტას თქმით, ევროკავშირი აჩქარებს „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ განხორციელებას, რაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს „მსურველთა კოალიციასთან“ კოორდინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მომავალი ზამთრისთვის მომზადების პროცესში.

„რუსეთის ეკონომიკასა და მის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლა გაგრძელდება და გაიზრდება. რუსეთი სერიოზულად უნდა ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ესკალაცია გამოსავალი არაა — დიპლომატიაა გამოსავალი“, — აცხადებს ანტონიო კოშტა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაში უსაფრთხოების აღდგენასა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. კოშტას თქმით, რუსეთმა უკრაინულ მარცვლეულს მსოფლიო ბაზრამდე მიღწევის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

„წინ წავიწევთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება და უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ომი დასრულდება, რათა ის აღარასდროს განმეორდეს“, — წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საქართველოში მცხოვრები ბლოგერი დაუსწრებლად დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე თამაზაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხოლოდ “აუცილებელი მოგერიების ფარგლებში” დაიცავს