ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და ამავე ერთეულის მთავარი სპეციალისტი კორუფციულ დანაშაულზე დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, მოქალაქისგან ქრთამი აიღეს. სანაცვლოდ ისინი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უცხოელი ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობას შეჰპირდნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეომასალა და ნივთმტკიცებად თანხა უკვე ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















