13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

“კორუფციის მთავარი პირველწყარო, რომელსაც კოლექტიური “ბიძინა ივანიშვილი” ეწოდება, არ შეცვლილა”-ეკონომისტი

ეკონომისტ ზაზა ბროლაძისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედი გუნდის კორუფციასთან ბრძოლა დამაჯერებელი არაა.

ამ თემაზე ზაზა ბროლაძემ, რომელიც 2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა, სადაც ჟურნალისტმა როგორც ყოფილ საჯარო მოხელეს სთხოვა შეეფასებინა ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში, „ოცნების“ მთავრობის წინა პრემიერის, მინისტრების, მოადგილეების, სუს-ის უფროსის და სხვა მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფაქტები და ასევე, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადება, რომ ის მხოლოდ საკუთარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

„ტოპ მენეჯმენტის წვლილი ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, უმნიშვნელოვანესია და ის დათვლადია. არსებობს „პროექტების მართვის ინსტიტუტის“ (PMI) ოქროს წესი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციაში ნებისმიერი წარუმატებლობა, თუ წარმატებაში ტოპ მენეჯმენტის წილი არის 80%. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მერიაში ყველა მიმართულებით (საბავშვო ბაღები იქნება ეს თუ მუნიციპალური სასადილოები) და ყველა დონეზე (რაიონების და მერიის დონეზე) კორუფცია ყვავის, რა თქმა უნდა, მინიმუმ 80% მერის „დამსახურებაა“, – განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

მისივე შეფასებით, „მიმდინარე გახმაურებული კორუფციული საქმეების ფონზე, როდესაც მთელი სამთავრობო ვერტიკალი, ყოფილი პრემიერ-მინისტრიანად, ციხეშია გამოკეტილი“, არ აქვს დიდი მოლოდინები, რომ ეს ყველაფერი გავლენის სფეროების ჩასანაცვლებლად არ ხდება.

„კორუფციის მთავარი პირველწყარო, რომელსაც კოლექტიური „ბიძინა ივანიშვილი“ ეწოდება, არ შეცვლილა და ის არ არის დაინტერესებული კორუფციის რეალური აღმოფხვრით. ისევ PMI-ს წესს მივუბრუნდები და ვიტყვი, რომ ქვეყანაში კორუფციის არნახულ მასშტაბებზე პასუხისმგებლობის 80% სწორედ ბიძინა ივანიშვილზე მოდის“, – აცხადებს ზაზა ბროლაძე bm.ge-თან.

banner
წინა სტატიაში“როიტერი”: აშშ თანახმაა, ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს
შემდეგი სტატიამაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ზეიმობენ