„კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია“, — ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, შარაშიძის კითხვებს უპასუხა, რომლებიც ქვეყანაში სისტემურ კორუფციასა და მაღალჩინოსნების, მათ შორის თბილისის მერის, კახა კალაძის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.
გვარაკიძის თქმით, საქართველოში სისტემური კორუფცია არ არსებობს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
გიორგი გვარაკიძემ მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ინდივიდუალური დანაშაული და სისტემური კორუფცია. მისი განმარტებით, უწყების მიერ გამოვლენილი ფაქტები კონკრეტული პირების სამართალდარღვევებია და არა ორგანიზებული სისტემა:
„სისტემური კორუფცია ნიშნავს, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაც უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეების მიხედვით ჩანს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური და კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის სისტემური დანაშაული.“
გენერალური პროკურორი ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია და უწყება უკან არასდროს დაიხევს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანია ბრალდებული.















