კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროც შეამოწმებს

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც შეამოწმებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კორპუსში სარეაბილიტაციო სამუშაოები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყება.

„კორპუსი შეამოწმა ლაბორატორიამ. შემოწმება მოხდა ვიზუალურად და პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც ყველანაირად დაზღვეულები რომ ვიყოთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსაც გადაეგზავნება და ისინიც შეამოწმებენ. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც მოგვეცემა შესვლის საშუალება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსი, სადაც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, მიმდინარე წლის 16 იანვარს აფეთქება მოხდა, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტებმა შეამოწმეს. დასკვნის მიხედვით, მეექვსე სართულის ტექნიკური მდგომარეობა წარმოადგენს მესამე ხარისხის დაზიანებას, ხოლო შენობის დანარჩენი ნაწილი პირველი ხარისხისაა.

ამასთან, შსს-მ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში წითელას ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება