კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრია დამოკიდებული ჩვენზე, უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, არ უნდა მოგვერიდოს სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება

უკვე რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ.

ამასთან, მისივე განცხადებით, აუცილებელია საზოგადოებას არ მოერიდოს და სადეზინფექციო ხსნარები ხშირად გამოიყენოს.

“უკვე რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი. რა თქმა უნდა, არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა, მინდა დავამშვიდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. თქვენ იცით, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ამ საბჭოში არის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს პრევენციული ღონისძიების გასატარებლად. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, დავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს მესაზღვრეებს, საპატრულო პოლიციას და ყველას, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას მხარდაჭერისთის, თანადგომისთვის, გაშუქებისთვის იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ დავიზღვიოთ თავი. ძალიან ბევრი დამოკიდებულია ჩვენზეც, რიგით ადამიანებზეც, უნდა გამოვიჩინოთ უფრო მეტი სიფრთხილე. არ არის აუცილებელი ადამიანებთან შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა. ასევე, აუცილებელია ხშირად გამოვიყენოთ ხსნარები დეზინფექციისთვის. არ უნდა მოგვერიდოს ამ ყველაფრის გამოყენება, რომელიც ჩვენ დაგვაზღვევს“, – განაცხადა კალაძემ და საზოგადოებას სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების მაგალითი აჩვენა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე კორონა ვირუსს არ დავამარცხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია