კორონავირუსს დისტანციურად დაადგენენ რა მექანიზმი შეიმუშავეს ქართველმა მეცნიერ-გამომგონებლებმა?

ახალგაზრდა მეცნიერების, ნატა სულაქველიძისა და ანზორ ყუფარაძის აღმოჩენა, შესაძლოა, კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს. ცოლ-ქმარმა, რომელსაც მეცნიერული მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც პნევმონიის იდენტიფიკაცია შეუძლია მხოლოდ რენტგენის სურათით, რომელიც სპეციალურ პროგრამაში უნდა აიტვირთოს.
ამ გამოგონების შესახებ, რომელმაც უკვე გაიარა კლინიკური ცდები, ნატა სულაქველიძე და ანზორ ყუფარაძე „თაიმერს” ესაუბრებიან. მათი განმარტებით, უკვე შესაძლებელია კორონავირუსის დისტანციური სკრინინგი.

ნატა სულაქველიძე:
– ჩვენ აქამდეც აქტიურები ვიყავით საგამომგონებლო სფეროში. შევქმენით უსინათლოს გარემოსთან მაადაპტირებელი სენსორული სისტემა. ამ პროექტით გავიმარჯვეთ „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში, ანზორს კი ბიოდიზელის მიღების ახალ წესზე აქვს პატენტი. ასევე შევქმენით ხელის პროთეზი-მანიპულატორი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და უნიკალურია იმით, რომ წინასწარ, მომხმარებლის გაუაზრებლად, ხვდება მის ქმედებას.
ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი იყო „მექანოავატარი“, რომელიც გულისხმობდა მძლავრი რობოტის დისტანციურ მართვას ძალიან გამარტივებული მექანიზმით მომხმარებლისთვის. ახლა მზად გვაქვს კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია მელანომის იდენტიფიკაცია ფოტოს გამოყენებით 98%-იანი სიზუსტით. მზადაა ასევე კანის დაავადებების ამომცნობი აპლიკაცია. ახლა ვზრუნავთ დაავადებების მონაცემების გაზრდაზე, რომ აპლიკაციამ რაც შეიძლება მეტი კანის დაავადების ამოცნობა შეძლოს.
ანზორ ყუფარაძე:
_ ჩვენ შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც პნევმონიის იდენტიფიკაცია შეუძლია მხოლოდ რენტგენის ფოტოს მეშვეობით და დაავადების კლასიფიკაცია ორ ყველაზე გავრცელებულ ტიპად: ბაქტერიულ და ვირუსულ პნევმონიად. ხელოვნური ინტელექტისთვის გამოყენებულია სერტიფიცირებული მონაცემთა ბაზა. ამ პროგრამამ უკვე გაიარა კლინიკური ცდები, თუმცა ის მომხმარებლამდე ჯერ არ მისულა.
კორონავირუსის გამოჩენისთანავე მოვიპოვეთ ამ ვირუსით ინფიცირებული პაციენტების რენტგენის ფოტოები. მათი გამოყენებით შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია რენტგენის ფოტოთი COVID-19-ის იდენტიფიკაცია დაავადების ადრეულ ეტაპზე (დაახლოებით, მე-5 დღიდან). საბოლოოდ, შევქმენით კომპიუტერული აპლიკაცია, სადაც მოცემულია ორი კითხვარი, რომელთა შევსების შემდეგაც 500.000-მდე პაციენტის სიმპტომებზე დამუშავებული ალგორითმი პაციენტს ამცნობს, საჭიროა თუ არა COVID-19-ზე შემდგომი კვლევა. ამ უკანასკნელის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს შეეძლება მხოლოდ რენტგენის სურათის გამოყენებით დაადგინოს, სჭირს თუ არა COVID-19. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, აპლიკაციას საშუალება აქვს, ასევე ამცნოს პნევმონიის არსებობა და იმწამსვე ამოიცნოს, რა ტიპის პნევმონია სჭირს პაციენტს – ბაქტერიული თუ ვირუსული.
აპლიკაციაში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის პასუხის სიზუსტე 99%-ია ტესტ-მონაცემებზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპლიკაციით შეგვიძლია მივიღოთ COVID-19-ის დიაგნოზი მას შემდეგ, რაც ის ფილტვებში გადავა, დაახლოებით, მე-5 დღიდან, იქამდე, სანამ პაციენტს პნევმონია დაემართება. ეს გამოგონება ხელს შეუწყობს კორონავირუსის დისტანციურ სკრინინგს.
ეს მეთოდი განსაკუთრებით წაადგება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს. მათ არ აქვთ საშუალება, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ. ამ სისტემით მუშობა საქართველოს რეგიონებსაც გაუადვილდებათ.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი კორონავირუსისგან (COVID-19) გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაქართველი ბიზნესმენების გაგზავნილი სადეზინფექციო საშუალებები სოხუმიდან ჩამოსულმა ბანდფორმირებებმა გაიტაცეს