კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ცნობილია ინფიცირების წყაროც.

„ეს ადამიანები 14 მარტს შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ისინი ნამყოფი არიან საზღვარგარეთ, 11 მარტს ჩამოვიდნენ და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში და ვიცით, საიდან არის წყარო. ასევე, ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ისინი საბედნიეროდ, კარგად არიან.

სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება, ამ შემთხვევაშიც, მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. მათ შორის არის არასრუწლოვანი, 15 წლის. რამდენიმე ქვეყნის გავლით ისინი მოგზაურობდნენ და რამდენიმე აეროპორტიც გამოიარეს“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მეთოდებით მიმდინარეობს კლინიკაში პაციენტების მკურნალობა, კახა იშხნელმა განაცხადა, რომ ამ ტიპის დაავადებას მკურნალობენ ზოგადად, როგორც ვირუსულ ინფექციას.

„ვმკურნალობთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო გამოცდილების მიხედვით. ამ ტიპის დაავადებას მკურნალობენ ზოგადად, როგორც ვირუსულ ინფექციას. გართულებების შემთხვევაში, ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყველა პაციენტის მდგომარეობას და მის მკურნალობას. საბედნიეროდ, დღესდღეობით ასეთი გაინდივიდუალურება ჩვენთან არ არის“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სხვა პირები არ იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.

banner
წინა სტატიაშიგოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციის წესებს არღვევს