კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დაწესებული რეგულაციის განმეორებით დარღვევისთვის პოლიციამ ბარი „სახელოსნო“ დახურა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს, – ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2020 წლის ნოემბერში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა.

„ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, ბარი კვლავ განაგრძობდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას და მოქალაქეები აღნიშნულ ობიექტზე 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ბარ „სახელოსნოს“ მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 7 იანვარს სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს – „სახელოსნოს“ ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

„შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, – აღნიშნავენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 670 თბილისში, 257 იმერეთში, 145 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – დროა, გაბედული ნაბიჯები გადაიდგას, დაიწყოს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა