კორონავირუსის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ დღეს გახდება ცნობილი

კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.

არაოფიციალური ცნობით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, აიკრძალება სპორტდარბაზები, თუმცა იმუშავებს სალონები. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან ერთად კონსულტაციები გამართა, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების თაობაზე მსჯელობდნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს განაცხადა, მთავრობა დააკვირდება ვირუსის გავრცელების ტენდენციას.

“მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 – კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“,-აცხადებს ტიკარაძე.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიაში ავტოკატასტროფას 41 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათბილისში, ხორავას ქუჩაზე, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა