კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის 18 ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხუთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რვა პაციენტის წყარო კი უცნობია

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 11:41

კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის 18 ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ხუთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, რვა პაციენტის წყარო კი უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 18 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, რვის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ოთხი პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, სამი პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ხუთი სამედიცინო პერსონალია, რვა პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ცხრით გაიზარდა და ინფიცირებულთა 73 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 469 პაციენტი მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ახალი კორონავირუსით 22 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 10, 2020 11:41