კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ამჟამად 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა ქვეყანაში. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს.

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 242.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნება
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა