კორონავირუსი საერთო ჯამში ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2020 17:53

კორონავირუსი საერთო ჯამში ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნულ ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი საერთო ჯამში ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელს დაუდასტურდა.

 

„საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, ნებისმიერ ვითარებაში, საფინანსო სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და ეკონომიკის ფულის ნიშნებით მომარაგების საქმეში. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ეროვნულ ბანკში აქტიურად მუშავდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის (საქმიანობის) უწყვეტობის გეგმა. ასევე, შემუშავდა სისტემა პოტენციური რისკების შეფასებისა და მოვლენათა სხვადასხვა სცენარებისთვის, რათა გართულებების პირობებშიც კი, ბანკს ჰქონოდა სრული ოპერაციული მზაობა საქმიანობის შეუფერხებლად გასაგრძელებლად.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს „კოვიდ-19“-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია. ამჟამად „კოვიდ-19“ ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

ამჟამად თანამშრომელთა 90 პროცენტი დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 6, 2020 17:53

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics