კონტრდაზვერვის გამომძიებლების განცხადებით, „იმედის“დალუქვის დროს სამართლებრივი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ

ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოში კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი გამომძიებლები დაკითხეს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, რომლებიც 2007 წელს კონტრდაზვერვის სამსახურის საგამოძიებო ნაწილში მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დალუქვის დროს რაიმე სამართლებრივი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. მოწმეები, რომლებიც კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან აცხადებენ, რომ ტელეკომპანიაში მისვლაზე და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე დავალება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო რაიმე სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე მომხდარიყო დალუქვა, ხოლო უკვე შემდეგ მომზადდა ეს დოკუმენტაცია, რასაც ისინი მტკიცებულებების სახითაც წარადგენენ. ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს უკანონო დავალება ზურაბ ადეიშვილმა მისცა.

დღევანდელ პროცესს გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი არ დასწრებიან. ტელეიმედში შეჭრის საქმე გაერთიანებულია 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმესთან ერთად.

უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას.

banner
წინა სტატიაში“ეს არის თამაში სამივე მხრიდან”- ლევან ბერძენიშვილი ბურჭულაძე-გვარამიას საუბარზე
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს