კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად გამორიცხულია ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამბიციური მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურად შეცვლას ითვალისწინებდა, პარლამენტმა განახორციელა, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, პროცესის ზედმეტად პოლიტიზირების გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსსა და არსზე სიღრმისეული მსჯელობის საშუალება არ იყო.

„ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, ფუნდამენტურად შეგვეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ეს მიზანი განხორციელებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენ სამწუხაროდ, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული ეს პროცესი, არასწორი ფორმითაც, შეიძლება ითქვას და ამან არ მოგცა საბოლოოდ იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან ერთად განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმა და საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე ცვლილებები“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.

მისი განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციაში მხოლოდ ხუთი ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლმენტის მიერ უკვე მიღებული დოკუმენტი მიმოიხილა და რეფორმის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.

„ორი ძირითადი მიზანი დაუსახა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც ის შეიქმნა გასული წლის დეკემბერში. პირველი – ეს იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა სამართლებრივ პრინციპებთან. ამ კუთხით იყო უამრავი ხარვეზი მოქმედ კონსტიტუციაში, მათ შორის, კონსტიტუციის მოქმედი ტექსტი ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ჩვენი პირველი მიზანი იყო, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა სამართლის პრინციპებთან, მათ შორის, სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, როგორიც არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ასევე, საუბარია სხვა პრინციპებზე. მეორე – ჩვენი ამოცანა იყო მმართველობის სისტემის დახვეწა. დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. არის უამრავი ხარვეზი ამ სისტემაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ შეესაბამება მოქმედი მოდელი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, არ არის საკმარისად ძლიერი პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ცენტრალური რგოლი ამ სისტემაში, არ არის კარგად გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. არის უამრავი სხვა ხარვეზი, რომლითაც ხასიათდება დღევანდელი მმართველობის სისტემა. ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ხარვეზების გამოსწორება და ვფიქრობ, რომ ეს მიზანიც არის მიღწეული და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნებისმიერი კონსტიტუციის არის ის, რომ მან თავიდან უნდა აგვარიდოს, უნდა გამორიცხოს ავტოკრატიის ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი დოკუმენტი ამას არ გამორიცხავს, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წელს და ჩვენ ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად არის გამორიცხული ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ამოცანა კონსტიტუციის ტექნიკური თვალსაზრისით დახვეწა იყო.

„დღევანდელი დოკუმენტი შეიცავს უამრავ ტექნიკურ ხარვეზსაც კი – დაწყებული გრამატიკული, დამთავრებული სტილისტური ხარვეზებით, სტრუქტურა არის აბსოლუტურად გაუმართავი. თავიდან როცა დავიწყეთ სამუშაო პროცესი, გვინდოდა, პირობითად დაგვესათაურებინა მუხლები, რომლებიც არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში და ეს იყო პრაქტიკულად შეუძლებელი, იმდენად არის სტრუქტურა აღრეული ქვეყნის ძირითად კანონში, რომ მუხლების დასათაურებაც კი გახლდათ შეუძლებელი. დღეს, როგორც ხედავთ, ახალ დოკუმენტში, არის უკვე დასათაურებული მუხლები, რაც იმის მანიშნებელია, რომ სტრუქტურა გამართულია და შესაბამისობაშია მოყვანილი იურიდიული ტექნიკის ელემენტარულ პრინციპებთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური სახით გადასინჯვა ფართო, წარმომადგენლობითმა კომისიამ უზრუნველყო, რომელშიც 73 წევრი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პარლამენტის წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ყველა კონსტიტუციური ორგანო, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს 20 ნოემბერს დაასახელებს
შემდეგი სტატია“ტაბულას” დაწვით ემუქრებიან – ვიდეო ადგილიდან