კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები – ოპოზიცია მმართველი გუნდის საბოლოო შეთავაზებას ელოდება

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია მმართველი გუნდის საბოლოო შეთავაზებას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ დათანხმდება და პარტიებს, არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას შესთავაზებს.

უბარიერო საარჩევნო სისტემის იდეაზე საუბრისას კი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ის არის სატყუარა, რომელიც ოპოზიციის მოსყიდვა-გადაბირებას ემსახურება.

„ის შემოთავაზება, რაც გუშინ არაფორმალურად გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, არის სრულიად არასერიოზული, ამას სატყუარას გარდა ვერაფერს დავარქმევთ, რომელიც მიზნად ისახავს შევარდნაძის დროინდელი პარლამენტის დაბრუნებას საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გააუცხოებს პოლიტიკოსებს ხალხისგან და ბიძინა ივანიშვილს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი კიდევ უფრო მარტივად მოისყიდოს და მართოს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ხელისუფლებას კონკრეტულ შეთავაზებაზე ჩამოყალიბებას ურჩევს „ედპ“-ის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინიციატივის გაჟღერებით ოპოზიციის დამოკიდებულების გარკვევა სცადა.

„ბოლო ბოლო ჩამოყალიბდნენ, არიან თუ არა მზად ქვეყანაში ისეთი კონსტიტუცია გვქონდეს, სადაც შესაძლებელი იქნება არჩევნების გზით ხელისუფლების ცვალებადობის დამკვიდრება,“ – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერის არა ცალკე აღებულ ცვლილებად, არამედ სხვა ცვლილებებთან ერთად პაკეტში უნდა იქნას განხილული.

„თუ ამგვარი შემოთავაზება იქნება, ალბათ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მათ შორის რეალურად არის შეთანხმებული მინიმუმ 113 დეპუტატთან, რომ ისე არ მოხდეს, როგორც იყო ერთი წლის განმავლობაში, რომ საკონსტიტუციო კომისია რაღაც პირობებს ადგენდა და მერე აღმოჩნდა, რომ მათ თურმე ხმები არ ჰყოფნიდათ ამისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი განხილულ უნდა იქნას პაკეტში და ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ხელისუფლებისგან თუ რა პაკეტით წარდგება ის,“ – ამბობს ზურაბ ხარატიშვილი.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკისა” და Georgian Airways-ის აქცია: თბილისი-ვენა-თბილისის ავიაბილეთი 300 ლარად
შემდეგი სტატიაოპოზიცია შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს