კონსტიტუციაში ცვლილებების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია იზრდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილებების თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია იზრდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განიხილავენ.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მიერ აჭარის მთავრობის კონტროლი იზრდება.

„პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიაში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკისათვის დელეგირების საკითხი. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციები იზრდება და უმაღლესი საბჭოს მიერ ძლიერდება აჭარის მთავრობის კონტროლი. თავის მხრივ, ადგილობრივი მთავრობაც ძლიერდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს აღარ ექნება უფლებამოსილება შეათანხმოს მინისტრების კანდიდატურა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორც ხედავთ თითქმის ყველა ძირეულ საკითხში ცვლილებები ხორციელდება და ეს ცვლილებები რამდენად ცუდია ან რამდენად კარგია, განვიხილავთ და მოსახლეობის აზრს მოვისმენთ“,- აცხადებს დავით გაბაიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები რეგიონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ავტონომიას სამართლებრივი შესაძლებლობების ბერკეტები უფრო მეტი უნდა ჰქონდეს.

„ის ვარიანტი, რაც უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა, ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურად უფლებამოსილებით აღჭურვილი, სამართლებრივი შესაძლებლობების ბერკეტები უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებმა ადამიანმა მინიმუმ იგრძნოს ავტონომიის უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ნაწილი და ყველა იმ საკანონმდებლო აქტის მომხმარებელი უნდა იყოს, რომელსაც უმაღლესი საბჭო მიიღებს“,- აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების საჯარო განხილვაში ოპოზიციური პარტიებიდან, მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ღებულობენ მონაწილეობას, სხვა პარტიებმა საჯარო განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-სარფის საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება
შემდეგი სტატიაბორჯომის საკრებულოს თანამშრომელმა თავმჯდომარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა