კონსტანტინე გამსახურდია შიმშილობას იწყებს -,,ხანდაზმულობის გამო ზვიადის საქმე იხურება”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე  გამსახურდია შიმშილობას იწყებს. როგორც პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი სოციალურ ქსელში წერს ხელისუფლებამ მამამისის მკვლელობის გამოძიება იმ კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანა როდესაც შესაძლოა საქმე ხანდაზმულობის გამო დაიხუროს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ძვირფასო მეგობრებო! მოგმართავთ ყველას

დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე. ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი.

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, რათა ბოლოსდაბოლოს სამართალი აღსრულდეს და ეს საქმე გამოძიებულ იქნეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს