კონსტანტინე გამსახურდია : “ფოთის საჭადრაკო ტურნირისთვის ნანა ალექსანდრიას სახელის წართმევა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის დედაა, ამაზრზენი სიქაჯეა “

ფოთში, ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ნანა ალექსანდრიას სახელობის იყო, სახელი შეუცვალეს და “ფოთის საერთაშორისო ფესტივალი” დაარქვეს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება და ამაზრზენ ფაქტად აფასებს.

“ფოთის საჭადრაკო ტურნირისთვის ნანა ალექსანდრიას სახელის წართმევა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცის დედაა, ამაზრზენი სიქაჯეა. შეიძლება რომელიმე პოლიტიკური სახე ძალიან არ მოგწონდეს, მაგრამ არასასურველი პოლიტიკოსი პოლიტიკის ნაწილია და არა ჭადრაკის ისტორიისა, საიდანაც საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას ვერავინ ამოშლის. მაგრამ მაინც გამახსენდა ერთი რამ არც თუ საამო უახლესი წარსულიდან.
როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაამხეს, მწერალ გამსახურდიასაც მისწვდნენ.

მართალია, შევარდნაძეს პირადად ეს არ გაუკეთებია, მაგრამ მისი კოჰორტის ერთმა ნაწილმა სწორედაც რომ უკან მიაყოლა მწერალი გროზნოში განდევნილ პრეზიდენტს. აღმოჩნდა, რომ იგი “უვარგისი მწერალია”, ეპოქას ჩამორჩენილია, სტალინისტია, კომუნისტია, ანტიქრისტიანია და ა.შ. გიგა ბოკერიამ ან ქალბატონმა ნანამ ეს ამბავი გააპროტესტეს? რაღაც არ მაგონდება.

როდესაც სააკაშვილმა და უგულავამ მწერლის სახელი ჩამოართვეს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას და კვლავ კომუნისტური სახელი (“პეკინი”) დაუბრუნეს, სწორედ პოლიტიკური ოპონენტის, ამ შემთხვევაში ჩემს გამო, ეს ამბავი გიგა ბოკერიამ და ქალბატონმა ნანამ გააპროტესტეს? არც ეს მაგონდება.
ჰოდა ახსოვდეს ყველას, ვინც ხმას არ ამოიღებს და არ გააპროტესტებს უსამართლობას, მის კართანაც დაიჩოქებს აქლემი”,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: მაგარი ლენჩები ხართ ქოცებო!
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს 18 ივლისს ქუთაისში წარადგენს