“მთავარი მოწმეების”, გუგუშვილის, მარგველანის და გვანცელაძის ჩვენებებიდან თუ ამოვალთ, იხატება ასეთი სურათი:
გვიან ღამით, 1993 წლის 31 დეკემბერს, დაახლ. პირველზე, ნახევარი საათის წინ ჩაძინებულზე, სოფელ ძვ.ხიბულას ერთ-ერთ სახლში გაისმა გასროლის ხმა. მძინარე გუგუშვილს, იწვა რა პრეზიდენტის გვერდით, ეს თასის დავარდნის ხმად მოესმა. როდესაც ადგა, ალბათ მოირგო სათვალე, რადგან მას ძალიან დიდი ზომის სათვალე ესაჭიროება, აანთო სანთელი, რადგან იქ, აღნიშნულ სოფელში იმ წლებში დენს საერთოდ რა უნდოდა, გააღვიძა ორი მცველი მეზობელ ოთახში (ისინიც უკვე ხმაზე გაღვიძებულნი წამომდგარიყვნენ) და სანთლის შუქზე ნახეს ასეთი სურათი:
პრეზიდენტი იწვა ნახევრად წამომჯდარი, ხელში ეჭირა მბოლავი სტეჩკინი, და ხელი ედო კალთაში. ასე 17 წლის შემდეგ გუგუშვილი დაამატებს, იარაღიანი ხელი ოდნავ მოძრაობდაო. გარდაცვლილის ზედატანი რჩებოდა გასროლამდელ პოზიციაში, ხოლო საფეთქლიდან სისხლი ჩამოსდიოდა. (ვიგულისხმოთ გასროლიდან მინიმუმ 2 ან 3 წუთი, ვიდრე ეს ყველაფერი, რაც შეეხება მოწმეების ფეხზე წამოდგომას, მოხდა) ღურწკაიების სახლს ძველ ხიბულაში ქონდა ერთი ქვედა, ორი კი ზედა შესასვლელი. მასპინძლებს ქვემოთ ეძინათ, ერთი ზედა შესასვლელით პირდაპირ პრეზიდენტის და გუგუშვილის ოთახში ხვდებოდი, აღნიშნული ოთახის გავლით კი – დაცვის ოთახში.
დაახლოებით 14 წლის დაგვიანებით, გროზნოდან ექსგუმაციის შემდეგ ჩატარებულმა (დღემდე ერთადერთმა) ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ტყვიის არხი არის მარჯვნიდან მარცხნივ, დახრილი ასე, 15 გრადუსით, ზემოდან ქვემოთ და რამდენამდე წინიდან უკან, ანუ ტყვია გადის მარცხენა ყურის ბიბილოსთან. რამდენადაც ნაპოვნი არ არის არც მასრა, არც გულა, არც თავად პისტოლეტი, ვერავინ ვერ იტყვის, რა იარაღიდან განხორციელდა გასროლა. კვალის არევის მიზნით კი საქმეში 4 სხვადასხვა სტეჩკინი ფიგურირებს. ერთ-ერთი მათგანი გამოძიებასაც უდევს.
პისტოლეტი სტეჩკინის მონაცემები: იწონის კილონახევარს, სიგრძით ასე 24.5 სანტიმეტრი, არის პრაქტიკულად მცირე ზომის ავტომატი, ხოლო დარტყმის და უკუცემის ძალა აქვს 309 ჯოული – მეტი ჩვეულებრივ პისტოლეტებზე. არც სამივე დათვალიერების შედეგად, (იყო სულ 3-ჯერ, ჯიხაშკარში, სენაკის აეროპორტში და გროზნოს პროზექტურაში, სენაკის დათვალიერების ოქმი საქმეში დევს) ასევე არც სხვადასხვა ფოტოებიდან, არ ფიქსირდება ე.წ. სტანც-მარკა – რაც არის ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა დამწვრობით. ეს რჩება, როდესაც გასროლა კეთდება ბჯენით, რადგან ტყვიას არხში შეყვება გაზების დიდი მასა, რაც წარმოშობს ნახეთქს, ხოლო ლულიდან გამოსული ცეცხლი წვავს კანსა და ხორცს. “თვითმკვლელობა” იარაღის მიბჯენის გარეშე?
სულაც არ არის საჭირო კრიმინალისტობა. უბრალოდ საღი გონებით უნდა დააკვირდე “მძინარე მოწმეების” ჩვენებებს,-წერს კონსტანტინე გამსახურდია.