კონსტანტინე გამსახურდია – გიგა ბოკერიას ნუ დაავიწყდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა თვალში სწორედ ის იყო „საფრთხობელა“ და სავარაუდოდ ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა

გიგა ბოკერია უმეცარი და უწიგნური ნამდვილად არ არის, თუმცა მან ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი ასპექტი როგორც ჩანს, არც იცის, ან იცის და შეგნებულად აყალბებს, იმიტომ რომ „საქმეს ასე ჭირდება“, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ბოკერიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ დღევანდელი თვალთახედვით მისი ყოფილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა თვალში სწორედ ის იყო არამარტო „საფრთხობელა“ არამედ, სავარაუდოდ ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა.

„გიგა ბოკერიას გამოუქვეყნებია თავისი პოზიცია, სადაც აცხადებს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ვებრძოდი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობიდან გამომდინარეო.

დავიწყებ იმით, რომ ოპოზიციონერობაც და ხელისუფლების კრიტიკაც კარგია, ოღონდ თავად მართალი უნდა იყო, უწინარეს ყოვლისა შენს სინდისთან და პოლიტიკური კონტექსტიც და სიტუაციაც სწორად უნდა გქონდეს შერჩეული. ეს ხომ ის დროა, როცა ბეწვის ხიდზე მიდის ახლადფეხადგმული ქართული სახელმწიფო და მას ყველა მხრიდან უტევენ; რომელსაც ჯანსაღი ოპონირების გარდა სჭირდება მხარში ამოდგომა, მხარდაჭერა. რამდენადაც პოლიტიკური შულერობის და თვალებში მტვრის შეყრის მომენტები გამოიკვეთა, მოდით, გავყვეთ სამივე პუნქტს:

1.„ეთნიკური ნაციონალიზმი“ – მითი, რომელიც ყველაზე მეტად კულტივირებული იყო კრემლის პროპაგანდის მიერ, სადაც ითქმოდა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია ხელმძღვანელობდა პრინციპით – „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ.“ სხვათა შორის არსად, არც ერთ ინტერვიუში, არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში ზვიად გამსახურდია არ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების ადგილი საქართველოში არ არის, თითქოს ისინი აქედან უნდა განიდევნონ და ეს შესანიშნავად ჩანს მის 5-ტომეულში, რომელიც ე. ჯგერენაის თაოსნობით გამოსცა საქართველოს საპარლამენტო ბიბლიოთეკამ. საქმე პირიქითაა – კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა ყველა აქ მაცხოვრებელი, ვინც კი აღიარებდა დამოუკიდებლობას, კანონს და კონსტიტუციას. მათ ენის და ისტორიის ცოდნასაც არ თხოვდნენ, როგორც ეს დღემდე არის ბალტიურ ქვეყნებში. სად არის ყბადაღებული „ეთნიკური ნაციონალიზმი?“ არადა ამასვე იმეორებდა შეიარაღებულ, სამხედრო-კრიმინალურ ფორმირებებთან გადაჯაჭვული ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, რომელსაც ბატონი გიგა თავის ზოგიერთ თანაპარტიელთან ერთად მიეკუთვნებოდა. გაფიცებთ ბ-ნო გიგა ოფიციალურ რუსეთს, რომელსაც დღეს მრისხანედ ქუშმორეული უპირისპირდებით, გაფიცებთ თქვენი მოკავშირე ბანდფორმირებების იარაღით მომმარაგებელ გენერალ სუფიან ბეპაევს, გაფიცებთ მხედრიონის და სხვა მონათესავე საძმოების პუტჩისმიერ კოლეგებს, რომლებთანაც ერთ დროს მეგობრობდით, მართლა გჯერათ, რომ პროგრესის და დემოკრატიის სამსახურში იდექით, როდესაც ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს ამ საზარელ ალიანსთან ერთად ამხობდით? თუ ფოთის მოსახლეობა გგონიათ ისეთი ულტრალიბერალი „ბაბულიკები“, რომ ასეთ განცხადებებზე მხარს დაგიჭერთ და ხმას მოგცემთ?

2. „პოლიტიკური პლურალიზმი“ – 1990-1991 წლებში საქართველოში გამომავალი სულ ცოტა 15 გაზეთი ყველა ბრუნვაში აძაგებდა საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს; ტელევიზიაში ბლოკავდნენ მხოლოდ პირდაპირ მოწოდებას ხელისუფლების დამხობაზე, მეტს არაფერს, პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის გარდა 4 ფრაქცია იყო; ბ-ნო გიგა, ზოგიერთი თქვენი მეგობარი პარტია ყოველ დღე მიტინგს აწყობდა მთავრობის სასახლესთან „ჩაუშესკუ, ჩაუშესკუს“ ღრიალით, ხოლო პრეზიდენტი აცხადებდა, საქართველოში მე ნამდვილი „ჰაიდ პარკის“ მოწყობა მინდაო და ასეთი რა დემოკრატიული „სასწაული“ უნდა მომხდარიყო 14 თვეში (მეტი აბა არც დააცადეთ ხელისუფლებას, ის დაამხეთ) რომ 70-წლიანი კომუნიზმის შემდეგ ჰოლანდიისთვის და შვედეთისთვის გაგვესწრო?

3. ბ-ნო გიგა, თავისუფალი ეკონომიკაო, რომ წერთ, დაგავიწყდათ თენგიზ სიგუამ, ერთ დროს თქვენი და თქვენი მეგობრების ერთ-ერთმა ბელადმა როგორ უპასუხა შეკითხვას, ქალაქი იმიტომ დავწვით, რომ პრეზიდენტმა პრივატიზაცია შეაყოვნაო? საშუალო და მცირე ობიექტების დონეზე პრივატიზაცია დაწყებული იყო, რაც შეეხება მიწას და დიდ საწარმოებს, ქვეყნის საერთაშორისო აღიარების, მოქალაქეობის კანონის მიღების და ქვეყნის საზღვრების დადგენის გარეშე როგორ უნდა ჩატარებულიყო? ან 106 სსრკ-დან მემკვიდრეობით მიღებული საწარმოს გაძარცვას, დაშლას, მყისიერ გაყიდვას და დემონტაჟს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას მოყვა, თქვენ „პრივატიზაციას“ და „თავისუფალ ეკონომიკას“ უწოდებთ?

გიგა ბოკერია უმეცარი და უწიგნური ნამდვილად არ არის, თუმცა მან ქვეყნის უახლესი ისტორიის ბევრი ასპექტი როგორც ჩანს, არც იცის, ან იცის და შეგნებულად აყალბებს, იმიტომ რომ „საქმეს ასე ჭირდება“. ნურც ის დაავიწყდება, რომ დღევანდელი თვალთახედვით მისი ყოფილი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა თვალში (ადეიშვილთან ერთად) სწორედ ის იყო არამარტო „საფრთხობელა“, არამედ მძვინვარე და რეპრესიული ჰერცოგი ალბას მსგავსი ფიგურა , სავარაუდოდ ბევრი საბედისწეროდ მცდარი გადაწყვეტილების ავტორი, რამაც ამ მოძრაობის მარცხი განაპირობა“, – აღნიშნავს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა