კონსტანტინე გამსახურდია გარეჯის თემაზე

დავით-გარეჯის საკითხის მოკლე ისტორია, – ამ სათაურით აქვეყნებს წერილს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქში“.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, 1918-1920 წლებში დამოუკიდებელ საქართველოსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხები დელიკატურად გვერდზე იწეოდა.

„ანგარიში ეწეოდა იმ გარემოებასაც, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 26 მაისს აზერბაიჯანისთვის, რომლის მთავრობამაც, (ისევე როგორც სომხებმაც) ორ დღეში უკვე თბილისში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ისინი შემდგომ გადავიდნენ ჯერ განჯაში, მერე ბაქოში, ამ სასაზღვრო საკითხების გადაჭრას კი მომავალში ფიქრობდნენ, როდესაც საამისოდ უკეთესი პირობები შეიქმნებოდა. ამიტომაც დელიკატურად გვერდზე იდებოდა ეს საკითხები მოლაპარაკებებისას. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ კი ეს პროცესები ასე განვითარდა:

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმის დადგენილებით, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები, ალექსანდრე სვანიძე და სილიბისტრო თოდრია. იმის გამო, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შიდა საზღვრების დადგენისას სადავო საკითხებზე შეთანხმება გართულდა, კიროვმა 1921 წლის ივნისში თბილისში გამართულ სხდომებზე, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრების გარდა, სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი და შალვა ელიავა მოიწვია. გადაწყდა, რომ მთელი ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა, „ყარაიელი გლეხებისთვის“ გადაეცათ. ეს აზერბაიჯანელი გლეხები საქართველოს საძოვრების ფაქტიურ მფლობელებად 1924 წლის ნოემბრამდე რჩებოდნენ, იმ დრომდე, სანამ ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან სამი: ბერთუბნის და უდაბნოს მონასტრები, ასევე, ჩიჩხიტურის მონასტრის უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარე ნაწილი.

1921 წლიდან მოყოლებული საბჭოთა იდეოლოგია ტირაჟირებდა იმ თვალსაზრისს, რომ ერთიან საბჭოთა სახელმწიფოში ნაციონალურ საზღვრებს მნიშვნელობა აღარა აქვს, ხოლო ეროვნული საზღვრების ურღვეობის მქადაგებლები და ისტორიზმის პრინციპიდან მათი დადგენის მოსურნეები წარსულის მავნე გადმონაშთებად გამოცხადდნენ. „პროლეტკულტელი“ პოეტის, კ. ფედოსიშვილის ეს ლექსი ზუსტად აირეკლავს ამ გაწყობას:

ახლა როდესაც ინტერნაციონალს
ერებმა ფართოდ გაუღეს კარი,

მე არ მაწუხებს თუ სად იწყება

და სად მთავრდება სომხური მტკვარი.

თვით პროფესორი ჯავახიშვილი

და მიმდევარნი ათას „ისტების“,

კაციჭამია კოტეტიშვილი,

თაობა წუნკალ შოვინისტების.

ამის შემდეგ ეს ვითარება რევიზიას აღარ დაქვემდებარებია. სსრკ-ში საზღვრები ფორმალურად არსებობდა. ეს საკითხი არც 1991 წელს დამდგარა, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რამდენადაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა საქართველოს სსრ-ს აღიარებულ ტერიტორიაზე, დეტალიზების გარეშე, საზღვრების ზუსტად დადგენა კი სამომავლო პროცესი იყო. ეროვნულმა ხელისუფლებამ კი სულ 14 თვე გაძლო. თუკი მაგალითად ზვიად გამსახურდია და ეროვნული ხელისუფლება უარს იტყოდნენ საბჭოთა საქართველოს საზღვრებზე და ტერიტორიულ პრეტენზიას წაუყენებდნენ ოთხივე მოსაზღვრე ქვეყანას, ეს შექმნიდა: 1. ოთხივესთან საომარ სიტუაციას. წარმოვიდგინოთ, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო. 2. საერთაშორისო აღიარება გამორიცხული იქნებოდა, რამდენადაც დასავლეთში ამის გარეშეც მძლავრად მოქმედებდნენ პროკრემლური ძალები და მათ ეფექტურად ეხმარებოდა როგორც შევარდნაძე-მგელაძის „მოსკოვური“ შტაბი, ისე პუტჩისტური ოპოზიცია ადგილზე. წარმოიდგინეთ მაშინდელი ოპოზიციის ისტერიული, მძულვარებით სავსე ტირადები და ლოზუნგები რა სახეს მიიღებდა, ისედაც ანტისახელმწიფოებრივი, პუტჩისტური, ძალადობრივი რიტორიკა რამდენად უფრო დამძიმდებოდა – „ალბანიზაცია“ და „ლიბანიზაცია“ კი არა, ამათმა მთელი სამყარო ომში გამოიწვიესო.

როგორც კომუნისტურ პერიოდში, ისე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საუბარი იყო იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კომუნისტებმა მოაყოლეს ბერთუბანი, თუმცა ერთხელაც არ მსმენია, თითქოს ჩიჩხიტურის კოშკმა და უდაბნომაც მათი ბედი გაიზიარეს. მაშინ ასეთი დეტალიზება არ ყოფილა. სამჯერ მაინც ვარ უდაბნოს მონასტერში ნამყოფი. საქართველოს პოლიტიკა ამ დროს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან პარტნიორული ურთიერთობების აწყობაზე იყო მიმართული.

საქართველოს არც ერთ მეზობელთან დადგენილი არა აქვს საზღვარი, თურქეთის გარდა. ისიც საბჭოთა კავშირის დროს ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დამდგენი კომისიის დამსახურებაა და ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ. როდესაც 90-იანებში დაიწყო საზღვრების დადგენა, გარეჯის თემაც აქტუალური გახდა – უკვე 1996 წელს, როდესაც გეიდარ ალიევმა ე. შევარდნაძეს შესთავაზე მანდ ერთიანი, ღია კულტურული სივრცის შექმნა, სადაც ორივე მხრიდან შეიძლებოდა თავისუფლად შესვლა, ხოლო ეს „კონდომინიუმი“ მთლიანად დარჩენილიყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში. ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა. სხვათა შორის, ასეთი „ორსუვერენიტეტიანი ერთობლივი კულტურული ნაკრძალების“ პრეცედენტები ევროპაში არსებობს.

ასე იდგა საკითხი, ვიდრე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომლებიც 2007 წლამდე დაბლა იდგნენ, თხემზე არ ამოვიდნენ ამ წლიდან. შეიქმნა ის რეალობა, რომელიც დღემდე რჩება“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა
შემდეგი სტატიალაშა დამენია ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება