კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ეკლესიისათვის ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა — პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი შიო.
,,საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიისათვის ისტორიული და უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობისა და სულიერი მისიის საკუთარ თავზე აღებას როგორც მას, ისე სრულიად საქართველოს ეკლესიას და თითოეულ მორწმუნეს.
მეუფე შიო მრავალი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა შინაგანი სიმშვიდით, სიბრძნით, თავმდაბლობითა და განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცით. მისი სიტყვა ყოველთვის იყო მშვიდობის, სიყვარულისა და შერიგებისკენ მიმართული. იგი არასოდეს ცდილობდა ხმაურით ან ძალაუფლების დემონსტრირებით გამოჩენას — პირიქით, მისი ძალა სწორედ სიმშვიდეში, ღრმა რწმენასა და ადამიანებისადმი თანაგრძნობაში ჩანდა.
დღევანდელ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე ეპოქაში ეკლესიას სჭირდება არა მხოლოდ მმართველი, არამედ გამაერთიანებელი, სულიერი მამა, რომელსაც შესწევს უნარი ადამიანებს შორის ნდობის, სიყვარულისა და რწმენის განმტკიცებისა. სწორედ ამიტომ, მეუფე შიოს არჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
ეს არის უდიდესი ჯვარი და მძიმე ტვირთი, რომლის ტარებაც მხოლოდ ღრმა სულიერების მოწევნით, მოთმინებით, უფლის აღთქმისა და დანაპირებისადმი სრული მინდობით არის შესაძლებელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობა არ არის მხოლოდ მაღალი წოდება — ეს არის ყოველდღიური მსახურება ერის, ეკლესიისა და თითოეული ადამიანისადმი. ეს არის პასუხისმგებლობა ისტორიის, ტრადიციის, სარწმუნოებისა და მომავალი თაობების წინაშე.
მეუფე შიო შემთხვევით არ გამოურჩევიათ პატრიარქის მოსაყდრედ. მისდამი ნდობა როგორც განსვენებული პატრიარქის, ისე სინოდის მხრიდან ეფუძნებოდა ერთგულებას, სულიერ სიმწიფეს და იმ ღირებულებებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აძლიერებდა ქართულ ეკლესიას.
დღეს თითოეული უნდა ცდილობდეს, თავისი ლოცვით შეეწიოს და გაამხნევოს ახალი პატრიარქი. ვუსურვებ უწმინდესს სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, სიბრძნესა და ღვთის შეწევნას ამ ურთულეს გზაზე.
დაე, მისი პატრიარქობა – და იმავდროულად ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა იქცეს მშვიდობის, რწმენის გაძლიერების, იმავდროულად საქართველოს გაერთიანების და სულიერი განმტკიცების ეპოქად.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III. აქსიოს”,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.















