“კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს ვუცხადებ სოლიდარობას”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში საერთაშორისო ფორუმ Generation Equality Forum -ზე სიტყვით გამოვიდა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიოში მხოლოდ 9 არჩეული ქალი პრეზიდენტია, ხოლო ქალი პრემირ-მინისტრი-13, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი ლიდერების წარმომადგენლობა საკმარისი არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღესდღეობით ქალების მიმართ ონლაინძალადობა ყველა ქვეყნისთვის საერთო პრობლემას წარმოადგენს, მან კი ძალადობის ეს ფორმა საარჩევნო კამპანიის დროს და შემდეგ პერიოდში საკუთარ თავზე გამოსცადა.

“მინდა შევეხო ორ კონკრეტულ გამოწვევას, რომელიც ვფიქრობ, ყველა ქვეყნისათვის საერთოა. ეს არის ქალთა მიმართ ონლაინძალადობა და მე შემიძლია ამაზე საუბარი, რადგან მე ეს გამოვიარე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს და არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ შემდეგაც. ეს ის საკითხია, რომელიც ხელს უშლის და ზღუდავს პოლიტიკაში ქალების ჩართულობას, რადგან შეტევა სხვა მეთოდებით მათზე პიროვნულად ხორციელდება და ვფიქრობ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს ამ პრობლემას, თუ გვსურს, რომ ხვალ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში “,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა

ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა საქართველოსთვის. ზურაბიშვილმა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს სოლიდარობა გამოუცხადა.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან!და მე შემიძლია ამაზე აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მყოფი ქალების სახელით ვისაუბრო.

დღეს მე აქ მათ წარმოვადგენ, რადგან ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქეები არიან – ჩემი მოქალაქეები, და ისინი ყოველდღიურად ზარალდებიან.

პანდემიისას ისინი კიდევ უფრო დაზარალდნენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა იმ სამედიცინო სერვისებზე და ვაქცინებზე, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ამიტომ ისინი, რაღაც მხრივ, ორმაგად საზარელ მდგომარეობაში არიან. ქალები კონფლიქტის ზონაში ორმაგ ძალადობას განიცდიან, ვიდრე კაცები.

ამიტომ, ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან.

ასე რომ, მე მინდა ვესაუბრო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს, ვინც ამ სიტუაციაშია და ვუთხრა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის, წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი ადამ”იანისკენ მიმართული სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმის – ეს არის ჩვენი მესიჯი დღეს!

სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდა. პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
შემდეგი სტატია“5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი – ამ პერიოდში შს მინისტრის მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია”