4 ოქტომბრის საქმეზე არაერთმა ბრალდებულმა პროკურატურას განცხადებით მიმართა საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს,_ აღნიშნული განცხადება პროკურორმა როინ ხინთიბიძემ გააკეთა.
“იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, სახეზე უნდა გვქონდეს მათი მხრიდან აღიარება, ასევე განცხადებითაც უნდა მოგვმართონ და შემდეგში, განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.
მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ“. – თქვა ხინთიბიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

















