კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა – ჩემი ძმა ცოცხალია და მას შველა სჭირდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2018 15:12

კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა – ჩემი ძმა ცოცხალია და მას შველა სჭირდება

მნიშვნელოვანი

  • „ხმამაღლა ლაპარაკობს სახელმწიფო, რომ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია და კონტაქტი. ერთი წელია, არანაირი ყურადღება არ მოუქცევია“, - აღნიშნა გია ოსორაულმა.

სხვა სტატიები

ჩემი ძმა ცოცხალია და მას სჭირდება შველა, – ამის შესახებ კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის ძმა გია ოსორაულმა დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია ოსორაულის თქმით, ბოლო პერიოდში ის იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყანაში, ჰყავს არაერთი წყარო, აქვს განახლებული ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ მისი ძმა ცოცხალია, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს. მისივე ინფორმაციით, იოსებ ოსორაულთან ერთად ტყვეობაში არიან ერთი ბელგიელი და ერთი რუმინელი.

ოსორაულის ოჯახი და ადვოკატი სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან სათანადო ნაბიჯები არ იდგმება.

„ხმამაღლა ლაპარაკობს სახელმწიფო, რომ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია და კონტაქტი. ერთი წელია, არანაირი ყურადღება არ მოუქცევია“, – აღნიშნა გია ოსორაულმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც ოსორაულის ოჯახს იურიდიულ დახმარებს უწევს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა. მთავარ პროკურატურას, თავის მხრივ, რამდენჯერმე მიმართეს განცხადებით, რათა ოსორაულის ოჯახს მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს: საქართველოს მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად; პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდეს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები – ნინო ოსორაული და გია ოსორაული.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 14, 2018 15:12