10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების წინააღმდეგ კანონის პრაქტიკაში ამოქმედებას აანონსებს

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს.

როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია განმარტებული, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ს დასანქცირება სახელდება.

„გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული მაუწყებელია, მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები. რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ორი რეპრესიული ცვლილება მიიღო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება. კანონში შესული ცვლილებით:

ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;

პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;

კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

„ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ მედიაში მაღალ სტანდარტს აწესებდა. სინამდვილეში კი, კრიტიკული მაუწყებლების წარმომადგენლების განცხადებით, ესაა „ოცნების“ მცდელობა, სისტემის ხელში გადავიდეს პოლიტიკური ცენზურის წარმოება. ამ ცვლილებებით სისტემას დაემატება სამართლებრივი და რეგულატორის მექანიზმები, რომლებიც მედიის მიერ წარმოებული პროდუქციის შინაარსში ჩარევას კანონიერს გახდის.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

banner
წინა სტატიაშიიურისტ ბექა ბასილაიას რუსეთში დაუსწრებლად 14 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასტივ უიტკოფი მოლაპარაკებებზე: პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ვაგრძელებთ